ჩეხეთის სენატი პრორუსული შეხედულებებით ცნობილი დეპუტატის იაროსლავ დუბრავას ქმედებას განიხილავს, რომელმაც შვებულება ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე გაატარა და ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
დუბრავასა და რუსი ოკუპანტების შეხვედრა, მათ შორის „ყირიმის წარმომადგენელ“ სერგეი აქსენოვთან 1-ელ აგვისტოს შედგა. ამის შესახებ აქსენოვმა Telegram-ზე დაწერა.
„ასეთი შეხვედრები ჩვენს უცხოელ კოლეგებთან საკმაოდ მნიშვნელოვანია. მათ არ ეშინიათ საჯაროდ გამოხატონ თავისი მხარდაჭერა ყირიმის და სრულიად რუსეთის მიმართ. ისინი ახდენენ გავლენას, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეები და აქ განვითარებულ მოვლენებს ჩვეულებრივ აღიქვამენ“, - აცხადებს აქსენოვი.
არალეგიტიმური „ყირიმის პარლამენტის“ მოხსენების თანახმად, დუბრავამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის წარმოადგენს „ბევრ ჩვეულებრივ ჩეხს, რომლებიც მხარს არ უჭერენ თავიანთი მთავრობის პოლიტიკას", ისევე როგორც ბიზნესმენებს, რომლებსაც ყირიმთან ვაჭრობა სანქციების მიუხედავად სურთ“.