ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროპარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დრო, საქართველოს 412 მოქალაქე დაიღუპა, 1747 კი, დაიჭრა.
- დაღუპულია - თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი
- საომარი მოქმედებების გაშუქებისას, დაიღუპა სამი ჟურნალისტი, ექვსი დაიჭრა
- დაიჭრა - 1747 ადამიანი. მათ შორის: 973 სამხედრო მოსამსახურე, 227 პოლიციელი და 547 მშვიდობიანი მოქალაქე
- ომის მიმდინარეობისას, 130 000 ადამიანს იძულებით მოუწია საკუთარი საცხოვრებლის დატოვება. მათგან, 25 000 დღემდე იძულებით გადაადგილებული პირია. ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, ჯამში, ნახევარ მილიონს აღწევს
- კონფლიქტის ზონაში, სრულიად განადგურდა, დაიწვა და დაინგრა 35 000 სახლი
- ცხინვალის რეგიონში 125 სოფლის ოკუპაცია მოხდა
„14 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოში შეჭრით რუსეთმა წამოიწყო სასტიკი სქემა, რათა შეეჩერებინა მისი პროევროპული არჩევანი. ჩვენ არასოდეს მივიღებთ „ძლევამოსილების უფლებას“. საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ევროპარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას“, – აღნიშნავ რობერტა მეცოლა მისივე Twitter-ზე განთავსებულ პოსტში.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.
რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.