დავით ზალკალიანი: ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში.

Twitter-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნული განცხადებით, ისრაელის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა. ტვიტთან ერთად ზალკალიანმა საქართველოს საპატრიარქოს განცხადება გააზიარა სადაც დეკანოზის ქადაგება დაგმობილია.

„ქართველი და ებრაელი ხალხის ისტორია ძმობის, მეგობრობის, გვერდში დგომის ისტორიაა, ყველა ქვეყნისა თუ ერისთვის მისაბაძი. ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში. ქართველი და ებრაელი ხალხის მომავალი მუდამ იქნება ძმობა და ერთობა“,- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ისრაელის ელჩმა რან გიდორმა ქუთაის-გაენათის ეპარქიის დეკანოზი ილია კარკაძე ანტისემიტურ ქადაგებაში დაადანაშაულა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას, ქვეყანაში ანტისემიტიზმის აღმოცენების შესაჩერებლად.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგება დაგმო საქართველოს საპატრიარქომაც.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საპატრიარქომ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის იოანე (გამრეკელი) განცხადება გმოაქვეყნა.

„ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ბოლო დროს თქმული ქადაგება სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით. ამასთან, ქართველებისა და ებრაელების ურთიერთთანადგომით სავსე კეთილმეგობრული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა საფუძვლის გარეშე კუსა და მორიელის იგავს არის შედარებული. ამგვარი შედარება შეუსაბამოა, გულსატკენი და დასაგმობი. დეკანოზმა ილიამ მიიღო შესაბამისი შენიშვნა და წუხს ნათქვამი სიტყვების გამო”, -აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის განცხადებით, დეკანოზი ილია ქადაგების გამო საჯაროდ ბოდიშს იხდის.

„აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე ჩემ წინააღმდეგ ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებული კამპანია მართებულად და ობიექტურად შეაფასა ისრაელის ელჩმა საქართველოში, ბატონმა რან გიდორმა და მაგალითი მოგვცა ტოლერანტობისა. ამგვარი ფაქიზი დამოკიდებულებით ჩვენ არა მარტო წარსული კეთილი ურთიერთობის ხსოვნას შევინარჩუნებთ, არამედ მომავალშიც გავაგრძელებთ მას”, - აცხადებს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი.

ისრაელის ელჩი: დარწმუნებული ვარ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ანტისემიტიზმის აღმოცენებას