რომის პაპი: უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული გემების გამგზავრება იმედის ნიშანია

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული გემების გამგზავრებას იმედის ნიშანს უწოდებს. შესაბამისი ტექსტი რომის პაპის Twitter-ზე განთავსდა.

„უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული პირველი გემების გამგზავრება იმედის ნიშანია. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შესაძლოა, ბრძოლა დასრულდეს და ხანგრძლივ მშვიდობას მივიღწიოთ“, - წერს რომის პაპი.

დღეს უკრაინის პორტს მარცვლეულითა და საკვები პროდუქტით დატვირთული კიდევ ოთხი ხომალდი დატოვებს. რიგით მესამე ტვირთი 160 000 ტონა მარცვლეულს, სიმინდს, მზესუმზირას, ზეთსა და სხვა საკვებ პროდუქტებს შეიცავს.

ხომალდების ნაწილი ოდესიდან, ნაწილი კი, ჩერნომორსკიდან გაემგზავრება და დანიშნულების საბოლოო პუნქტები თურქეთი და იტალია იქნებიან.


უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველმა სატვირთო გემმა ოდესის პორტი პირველ აგვისტოს დატოვა.

სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდახელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა.

რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად.