სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან გავიდა.
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ცნობით, გემი ლიბანის მიმართულებით გაემგზავრა. „უკრაინამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად დღეს გადადგა მორიგი ნაბიჯი მსოფლიო შიმშილის შესაჩერებლად“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა.
ეს მარცვლეულით დატვირთული პირველი გემია, რომელმაც უკრაინის პორტი კრემლის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ დატოვა. კუბრიკივის თქმით, პორტებზე ბლოკადის მოხსნა ქვეყნის ეკონომიკას $1 მილიარდის მოგებას მოუტანს.
მისივე თქმით, რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის პორტებში 16 დატვირთული გემი იყო ჩარჩენილი.
27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადა.
სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა.
რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად.