"გიორგი გალდავას შეშინების მიზნით ვესროლე, მისი მკვლელობის მიზანი არ მქონდა - მკვლელობა რომ მდომოდა, ექიმმა კაცმა გული სად არის და თავი სად არის, ვიცი", - ამის შესახებ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის საქმეზე დაკავებულმა ექიმმა, თეიმურაზ ბეჟანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„შეშინება მინდოდა და კუთხეში გავისროლე, ამ დროს ადგა და მხარში მოხვდა, მისი მკვლელობა რომ მდომოდა, ექიმმა კაცმა გული სად არის და თავი სად არის, ვიცი. სამსახურიდან უმიზეზოდ გამათავისუფლა, კონდიციონერის პულტი არ მივეცი, რადგან ჩემი იყო, ამაზე განაწყენებულმა გამათავისუფლა, როგორც შვილი, ისეა ჩემ ხელში გაზრდილი.
კონდიციონერი იყო ჩემი ნაყიდი, სხვაგან გადამიყვანა, 4 კაბინეტი შემაცვლევინა, მითხრა, ერთ კვირაში ახალ კონდიციონერს დაგიდგამო და ამაზე დაიწყო უშვერი სიტყვები. ამ ასაკის კაცს, რა უნდა გამეკეთებინა, არ ვიცოდი, იარაღს სახლში არ ვტოვებდი, მეშინოდა შვილიშვილების, სამსახურში ვინახავდი, ვიფიქრე, შევაშინებ-მეთქი. განზრახ მკვლელობის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. არც დამალვა მიცდია, იარაღი ბუჩქებში ჩავაგდე და ვუჩვენე. დამნაშავედ ვცნობ თავს, მან მიბიძგა დანაშაულისკენ. პოლიციაშიც ნამყოფი არ ვარ, სპორტსმენი ვარ ძველი, ცხოვრებაში ცუდი არაფერი გამიკეთებია“, - განაცხადა ბეჟანიძემ.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - აღიშნულია ინფორმაციაში.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.