ექსკლუზივი
Europetime-თან ინტერვიუში დეტალურად იხსენებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის (2005–2009 წლებში) თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში კურირებდა აშშ-საქართველოს ურთიერთობებს.
ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, რუსეთმა პროვოკაციული ქმედებები ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე დაიწყო.
„არასდროს დამავიწყდება ის დღე და 2008 წლის აგვისტო, როდესაც საგარეო საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა შემატყობინა, რომ რუსეთის ძალებმა და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტებმა ქართულ ჯარს ცეცხლი გაუხსნეს. სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი გზად იყო ვაშინგტონისკენ, მე ვიყავი მთავარი კოორდინატორი და რა თქმა უნდა, დავურეკე სახელმწიფო მდივან რაისს. მან მითხრა - „დავარწმუნოთ ქართველები, რომ საპასუხო სროლა არ განახორციელონ“.
ამის შემდეგ, ისევ დავურეკე მინისტრ ტყეშელაშვილს, რომელმაც მიპასუხა - „კარგი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ“. რამდენიმე საათის შემდეგ, მინისტრმა ისევ დამირეკა და შემატყობინა - „ჩვენ აღარ შეგვიძლია ცეცხლის შეკავება, რადგან საარტილერიო ჭურვებს ისვრიან ჩვენი ჯარების მიმართულებით, ინტენსივობა სულ უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ რეაგირებას“. ჩემთვის ეს იყო მკაფიო ნიშანი, რომ სროლა და ომი საქართველოს არ დაუწყია. ეს იყო რუსეთი და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტები. უფრო ადრე, რუსეთი ცდილობდა საქართველოს პროვოცირებას. მე მახსოვს 2004 წლის ივნისი, როდესაც სარწმუნო ცნობა მივიღეთ, რომ რუსეთმა დაიწყო ტექნიკის გარკვეული გადაადგილება ტყისკენ, ჯავისა და „სამხრეთ ოსეთის“ ირგვლივ“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, კრემლის პროვოკაციები გრძელდებოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ სეპარატისტული რეგიონების „პასპორტიზაციით“.
„შემდეგ, რუსეთის მთავრობამ ჩამოაგდო უპილოტო ქართული თვითმფრინავი ოკუპირებული აფხაზეთის თავზე. რუსეთი ბომბავდა და ესროდა საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემას საქართველოში, „სამხრეთ ოსეთის“ სიახლოვეს. თუ არ ვცდები, ეს 2008 წლის მაისში უნდა ყოფილიყო. 2008 წლის ივნისში ან ივლისში განალაგა ჯარები აფხაზეთში, კოდორში... ასე რომ, რუსეთი ემზადებოდა ომისთვის.
და, ამ მზარდი დაძაბულობის პერიოდში, ჩემი ფრანგი, გერმანელი და ბრიტანელი კოლეგები საქართველოს ადანაშაულებდნენ პროვოკაციაში და მე მთხოვდნენ, მეპოვა გზა, საქართველოს ლიდერების დასამშვიდებლად. ვუთხარი, რომ რუსეთს სურს ომი და ჩვენ არ გვჭირდება ქართველების დამშვიდება და პირიქით, გვჭირდება ომის თავიდან ასაცილებლად იმის დემონსტრირება, რომ ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთს დიდი ფასის გადახდა მოუწევდა.
ჩემი ეს ხედვა არ აღმოჩნდა პოპულარული და ჩვენ მუდმივად ვცილობდით, საქართველოს მთავრობა და განსაკუთრებით, პრეზიდენტი სააკაშვილი დაგვერწმუნებინა დაძაბულობის დეესკალაციაში, როდესაც სინამდვილეში, რუსეთი აკეთებდა ყველაფერს დაძაბულობის ესკალაციისთვის და იმედობნებდა, რომ საქართველო პირველი გახსნიდა ცეცხლს.
ომის შემდეგ, ევროკავშირმა მალევე, გაკვეთილი ვერ ისწავლა და განაცხადა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამრიგად, ტრანსატლანტიკური საზოგადოების დაუყოვნებლივი დასკვნა არასწორი აღმოჩნდა.
ამ დროს, მახსოვს, 2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც მომლაპარაკებელი იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დოკუმენტის მიღებისას, (ეს დოკუმენტი სრულიად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ინტერესებს და რუსეთს აძლევდა ხელს) აღიარა, რომ რუსეთის ინტერვენცია საქართველში, რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტი იყო და თავის ერთ-ერთ ოპედში, რომელიც Washington Time-ში გამოქვეყნდა, ამბობდა, რომ თუ რუსეთი მომავალში შეიჭრებოდა უკრაინაში, მაშინ ევროკავშირი სერიოზულ ხარჯებს დაუწესებდა მოსკოვს. ამავე დროს, პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობდა, რომ ახლა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. შემდეგი კი, ყირიმი იქნებოდა“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა.
ბრაიზას შეფასებით, საფრანგეთმაც ვერ გამოიტანა სწორი დასკვნები და ამის ერთ-ერთ მაგალითად, „მისტრალის“ საკითხზე შეთანხმებას ასახელებს.
„შეერთებული შტატების პასუხიც ძალიან ფრთხილი იყო. საქართველოს სჭირდებოდა თავდაცვის სისტემები, თავდაცვითი იარაღი, თუმცა ჩვენ მას „ჯაველინები“ და სატანკო სისტემები არ მივაწოდეთ. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საბოლოოდ, უკრაინას მივაწოდეთ „ჯაველინები“ (ამერიკული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი ტანდემური კუმულაციური ქობინით).
მსოფლიომ გაიღვიძა არა უკრაინაში რუსეთის პირველი შეჭრის შემდეგ, როდესაც სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ საკმაოდ სუსტი იყო, არამედ, საბოლოოდ, უკრაინაში მოსკოვის მეორედ შეჭრის შემდეგ. შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა გაკვეთილი ისწავლეს - კონკრეტულად, თუ პრეზიდენტი პუტინი არ შეჩერდება ბრძოლის ველზე, ის გააგრძელებს წინსვლას როგორც შეუძლია და დაემუქრება უფრო მეტ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ისევ საქართველოს და მოლდოვასაც. ასე რომ, ის უნდა შეჩერდეს.
საბოლოოდ, ვფიქრობ, ამას აღიარებს როგორც შეერთებული შტატები, ისე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრობი, მაგრამ გერმანიას და საფრანგეთს ისევ სურთ, ბიზნეს ურთიერთობა რუსეთთან. და, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ცდილობს, შეინარჩუნოს სოლიდარულობა NATO-ს მოკავშირეებში, რათა აბსოლუტურად მკაფიო გახდეს რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომ ის ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში და არასოდეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინის შემდეგ დაემუქროს მოკავშირეებს და ალიანსის მთავარ პარტნიორებს, მათ შორის, საქართველოს“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ.
სხვა ამერიკელ დიპლომატები და ყოფილ ოფიცილურ პირები, რომლებსაც Europetime ესაუბრა, თვლიან, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციის მნიშვნელობა და კრემლის საგარეო პოლიტიკის კიდევ უფრო აგრესიულობისკენ გადახრა, დასავლეთისთვის უფრო ცხადი გახდა მაშინ, როდესაც 6 წლის შემდეგ, 2014 წელს კრემლი უკვე უკრაინაში შეიჭრა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის უილიამ კორტნის შეფასებით, დასავლეთმა საქართველოში რუსეთის 2008 წლის ინტერვენციის მნიშვნელობა 2014 წელს უფრო მკაფიოდ იგრძნო, როდესაც კრემლი უკრაინაში შეიჭრა.
ახლა კი, უილიამ კორტნის განცხადებით, უკრიანის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულმა მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა კიდევ ერთი ცვლილება - დასავლეთი უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს.
- უილიამ ჰარისონ კორტნი - ამერიკელი დიპლომატი, რომელიც აშშ -ის წარმომადგენლად ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში მსახურობდა. 1997 წელს კორტნი პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს, რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებს უფროსი ხელმძღვანელის რანგში კურირებდა. მანამდე, უილიამ კორტნი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი იყო. უფრო ადრე კი, იგივე პოზიცია ყაზახეთში ეკავა.
2014 წელს უკრაინაში რუსეთის პირველი შეჭრის შემდეგ, უფრო ნათელი გახდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა 2008 წელს, საქართველოში რუსეთის ინტერვენციას. ადრე დასავლეთი ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, რამდენად განსაკუთრებულ ფაქტთან ჰქონდა საქმე 2008 წელს საქართველოზე რუსეთის თავდასხმის სახით. ეს ალბათ, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამუდმებით მასხრად იგდებდა კრემლს და პირადად, პრეზიდენტ პუტინს.
უკვე 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის იერიშის შემდეგ, დასავლეთმა საქართველოში შეჭრა აღიქვა, როგორც რუსეთის უწყვეტი ნაბიჯი სტაბილური ევოლუციის, უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკისა და უფრო რეპრესიული შიდა პოლიტიკის მიმართულებით.
ერთად რომ ავიღოთ ეს ორივე ინტერვენცია, ასეთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია: კრემლი თვლის, რომ დემოკრატიული პროგრესი მეზობელ ქვეყნებში, საფრთხეს უქმნის რუსების ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავტორიტარული მმართველობისა და შეზღუდული თავისუფლებების მიმართ. მეორე მხრივ, დასავლეთი უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. ეს ცვლილება მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა“, - მიიჩნევს უილიამ კორტნი.
Europetime-თან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და მრჩეველი პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში, პოლ გობლი ამბობს, რომ დასავლეთისთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ 2008 წლის რუსეთის აგრესია საწყისი ნაბიჯია იმისა, რასაც კრემლი ახლა უკრაინის წინააღმდეგ აკეთებს.
- პოლ გობლი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და მრჩეველი პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში. მას სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე ეკავა დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიცია.
„ის, რაც პუტინმა საქართველოს გაუკეთა, დასავლეთმა უნდა განიხილოს საწყის ნაბიჯად იმისა, რაც რუსეთმა ახლა უკრაინის წინააღმდეგ გადადგა. ვშიშობთ, დასავლეთში ამ ხაზს ერთმანეთთან ცოტა ვინმე თუ აკავშირებს. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ლიდერები ხსენებულ საკითხს რაც შეიძლება მაღალ დონეზე წამოწევენ“, - ამბობს პოლ გობლი.
რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.
საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.