ექსკლუზივი
საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 14 წლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების კვლავ გაანალიზება რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე გვიწევს. ამერიკელ დიპლომატები და ყოფილ ოფიცილურ პირები, რომლებსაც Europetime ესაუბრა, თვლიან, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციის მნიშვნელობა და კრემლის საგარეო პოლიტიკის კიდევ უფრო აგრესიულობისკენ გადახრა, დასავლეთისთვის უფრო ცხადი გახდა მაშინ, როდესაც 6 წლის შემდეგ, 2014 წელს კრემლი უკვე უკრაინაში შეიჭრა.
ამჟამად კი, ისევ ამ ქვეყანაში აწარმოებს ომს - ამან Europetime-ის რესპონდენტებს ახალი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა მისცა. მაგალითად, მიიჩნევენ, რომ დასავლეთი ახლა უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. აქვე ყურადღებას ამახვილებენ ერთ დეტალზე - მოსკოვის ინტერვენციები ადასტურებს ერთ რამეს - კრემლი თვლის, რომ დემოკრატიული პროგრესი მეზობელ ქვეყნებში, საფრთხეს უქმნის რუსების ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავტორიტარული მმართველობისა და შეზღუდული თავისუფლებების მიმართ.
Europetime-თან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და მრჩეველი პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში, პოლ გობლი ამბობს, რომ დასავლეთისთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ 2008 წლის რუსეთის აგრესია საწყისი ნაბიჯია იმისა, რასაც კრემლი ახლა უკრაინის წინააღმდეგ აკეთებს.
„ის, რაც პუტინმა საქართველოს გაუკეთა, დასავლეთმა უნდა აღიქვას საწყის ნაბიჯად იმისა, რაც რუსეთმა ახლა უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა. ვშიშობ, დასავლეთში ამ ხაზს ერთმანეთთან ცოტა ვინმე თუ აკავშირებს. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ლიდერები ხსენებულ საკითხს რაც შეიძლება მაღალ დონეზე წამოწევენ“, - განუცხადა პოლ გობლმა Europetime-ს.
ცნობისათვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.
რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.
საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.