უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას განაცხადა, რომ კავკასიის ამ ნაწილში რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხე კვლავაც არსებობს. მისივე განცხადებით, აუცილებელია, საერთაშორისო ურთიერთობებში შეიქმნას მსგავსი აგრესიის პრევენციის პრინციპი.
ზელენსკის თქმით, 2008, 2014 და 2022 წლებში დაწყებულ ომებს სხვადასხვა მასშტაბი და ხასიათი აქვს, მაგრამ მომხდარს ერთი არსი აქვს - უსაფრთხოების რეგიონულმა და გლობალურმა მექანიზმებმა არ იმუშავეს.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ არის საჭირო საერთაშორისო ურთიერთობებში აუცილებელი პრევენციის პრინციპი, რომელსაც უკრაინა ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე ითხოვდა.
„თუ უკვე ცხადია, რომ სახელმწიფო ამზადებს აგრესიას - უსამართლო, არაპროვოცირებულ, უკანონო, აგრესიას, მაშინ მსოფლიოს რეაქცია მის მომზადებაზე იგივე უნდა იყოს, რაც მომხდარ აგრესიაზე. აუცილებელია მოქმედება ომის თავიდან ასაცილებლად და არა დარტყმებისა და მსხვერპლის ლოდინი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შემდეგ გაყინული კონფლიქტები არ უნდა დარჩეს.
„უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ყველაფერი, რაც რუსეთმა დროებით მიიტაცა, ხოლო აგრესორი სახელმწიფო უნდა დაისაჯოს დანაშაულებრივი აგრესიისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ამ დღეებში იხსენებენ რუსეთის 2008 წლის ომს საქართველოს წინააღმდეგ. ბევრს საუბრობენ ამ ომის წინაპირობებზე, მის შედეგებზე. იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდა რუსეთის ხელმძღვანელობის გამბედაობა იმ წელს უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ში წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე უარის თქმამ. მაგრამ მაინც, იმდროინდელი ომი ჯერ კიდევ არ ქცეულა ისტორიად, არ ჩაბარებია წარსულს.
იმდროინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხე კავკასიის ამ ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ის გაყინულია. მსოფლიომ მხოლოდ ახლა დაიწყო ასეთი აგრესიების აღსაკვეთად და ნებისმიერი აგრესორის პასუხისგებაში მისაცემად ეფექტური ინსტრუმენტების საჭიროების გაცნობიერება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.