2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე COVID19-ით რეინფიცირების 138 331 შესაძლო შემთხვევა აღირიცხა. ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
"2021 წლის 15 მარტიდან 2022 წლის 1 ივლისამდე, რეინფიცირებულთა შორის 16 868 შემთხვევაში იყო ჰოსპიტალიზაცია საჭირო და მათგან 102 პირი გარდაიცვალა. აღწერილი შემთხვევებიდან გარდაცვლილთა საშუალო ასაკი იყო 69 წელი, მინიმალური ასაკი - 18 წელი, ხოლო მაქსიმალური - 89", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ამასთან, დროის იმავე მონაკვეთის მიხედვით, COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა.
"ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული. შემთხვევათა 82%- ში (95% CI 81.3-82.6) დაავადება გართულებული იყო პნევმონიით. გარდაცვლილთა 79%-ს (95% CI 78.3-79.6) აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 29.1%-ს (95% CI 28.3-29.8), ხოლო 21.7%-ში (95% CI 21.0-22.3) განვითარდა გულის უკმარისობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, პირველი ივლისის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატარებული იყო 2 903 548 აცრა, საიდანაც 2055 შემთხვევაში იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენა (იშგამი) აღირიცხა.
"2 055 შემთხვევიდან სერიოზულად მიჩნეული იქნა 212 შემთხვევა, საიდანაც 181 პაციენტს დასჭირდა სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა.
ზემოთ მოყვანილი შემთხვევებიდან, იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნულმა კომიტეტმა განიხილა 202 შემთხვევა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად, რომელთაგანაც 125 იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან თავსებადია (აქედან 72 შემთხვევა დაკავშირებული იყო იმუნიზაციისადმი შიშთან, 53 შემთხვევაში დაფიქსირდა ვაქცინურ პროდუქტთან დაკავშირებული რეაქცია), 49 შემთხვევა კლასიფიცირდა როგორც არათავსებადი იმუნიზაციასთან, ხოლო 26 შემთხვევა - როგორც გაურკვეველი. ამასთან, ადეკვატური ინფორმაციის არარსებობის გამო, 1 შემთხვევის კლასიფიცირება ვერ მოხერხდა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ასევე წაიკითხეთ:
- ბიძინა კულუმბეგოვი: ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს პანდემია დამთავრდა, მაგრამ კოვიდს ამის გეგმები არ აქვს
- სამი ფაქტორი, რის გამოც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა