რუსულმა ნავთობკომპანია Transneft-მა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსული ნავთობის ტრანზიტი „დრუჟბის“ მილსადენის სამხრეთ ნაწილში სანქციების გამო შეაჩერა. რუსული კომპანია აცხადებს, რომ ასევე სანქციების გამო, ტრანზიტის საფასურის გადახდა ვერ შეძლეს.
უკრაინულმა „უკრტრანსნაფტამ“, („ნაფტოგაზის“ შვილობილი) 4 აგვისტოდან უნგრეთში, ჩეხეთში და სლოვაკეთში რუსული ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა.
ივნისში ევროკავშირმა შეათანხმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც რუსეთის ნავთობზე უარის თქმას ითვალისწინებს. მაგრამ სანქციები არ გავრცელდა „დრუჟბაზე“, რადგან უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის ნავთობის ალტერნატიული წყაროს სწრაფად მოძიება ვერ მოხერხდა.
„ტრანსნეფტმა“ განაცხადა, რომ ტრანზიტის საფასურის გადახდა ვერ მოხერხდა სანქციების მეშვიდე პაკეტის გამო, რომელიც ევროკავშირმა ივლისში შეათანხმა.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ უკრაინამ გააგრძელა ევროპაში რუსეთის გაზისა და ნავთობის ტრანზიტი, მოსკოვმა კი - ტრანზიტის საფასურის გადახდა. ნავთობის ტრანზიტზე მოქმედი შეთანხმება 2019 წლის დეკემბერშია მიღწეული და 2030 წლის იანვრამდე მოქმედებს.
ცნობისთვის, „დრუჟბა“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობსადენია, რომლის სიგრძე დაახლოებით 5500 კმ-ია. იგი სათავეს იღებს ქალაქ ალმეტიევსკში (თათარტანის რესპუბლიკა, რუსეთი), რის შემდეგაც გადის სამარასა (RF) და ბრაიანსკში (RF) მოზირში (ბელორუსია). მოზირში „მილი“ დაყოფილია სამხრეთ განშტოებად, რომელიც გადის უკრაინაში და მიდის ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში, ხოლო ჩრდილოეთ განშტოებად პოლონეთსა და გერმანიაში.