ფასდაუდებელია ანზორ ერქომაიშვილის წვლილი ქართული კულტურის წინაშე, - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეს განცხადებით ეხმაურება.
„ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული კულტურის წინაშე. ანზორ ერქომაიშვილმა დააფუძნა და ჩამოაყალიბა სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი „რუსთავი“ და, ასევე, 1976 წელს ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი „მართვე“, რომელსაც 2000 წლამდე თავად ხელმძღვანელობდა; მსოფლიოს მრავალი ქვეყნის არქივში მიაკვლია 1907 წლიდან 1930 წლამდე შესრულებული 500-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერის ფონოგრამას და განახორციელა მათი გამოკვლევა, რესტავრაცია.
მან, 1992 წელს, ლონდონის მუსიკალურ არქივში მიაკვლია 1902–1914 წლების ინგლისური კომპანიების მიერ გრამფირფიტებზე ჩაწერილ 127 ქართულ ხალხურ სიმღერას. აქვე აღმოაჩინა ვანო სარაჯიშვილის ჩანაწერების მატრიცები (დედნები), რომელთა მეშვეობითაც (ნოდარ ანდღულაძის მონაწილეობით) მოხერხდა მომღერლის პირვანდელი სრულყოფილი ხმის აღდგენა. ანზორ ერქომაიშვილმა აღადგინა, გამოსცა, მომავალ თაობებს გააცნო და შემოუნახა ვ. სარაჯიშვილის, ა. ინაშვილის, ნ. ქუმსიაშვილის, ა. კავსაძის, ვ. სიმონიშვილის, ა. მეგრელიძის, ნ. ხურციას, კ. პაჭკორიას, მ. თარხნიშვილის, ა. ერქომაიშვილის, ვ. მჭედლიშვილისა და სხვა ცნობილ მომღერალთა ხელოვნება.
ანზორ ერქომაიშვილი ასევე გახლდათ: საქართველოს ტელევიზიის ტელეფილმის რედაქციის რედაქტორი, რუსთავის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი, ტელეგადაცემათა ციკლის ,,100 ქართული ხალხური სიმღერა" წამყვანი.
ანზორ ერქომაიშვილმა არაერთი ნიჭიერი და საამაყო თაობა აღზარდა.
იგი ავტორია წიგნებისა: „ბაბუა" (1980; ეძღვნება არტემ ერქომაიშვილის ცხოვრებას), „შავი შაშვი ჩიოდა" (1989), „ძველი სიმღერების კვალდაკვალ" (1979). მან მუსიკალურად გააფორმა ოცამდე კინოფილმი და სპექტაკლი. 2001 წელს მისი ინიციატივითა და „იუნესკოს“ ხელშეწყობით დაარსდა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი. ასევე, 2006 წელს მომზადდა და გამოიცა XX საუკუნის ანთოლოგიის (1901–2001) ერთი ნაწილი (1901–1914), რომელშიც შედის ქართული ხალხური სიმღერებისა და საშემსრულებლო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები.
ქართველი ლოტბარის ერთ-ერთ უკანასკნელ ნაშრომს წარმოადგენს კატალოგი, რომელიც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა. ეს გახლავთ პირველი ქართული ფონოჩანაწერები ბრიტანეთის ეროვნული არქივებიდან. მნიშვნელოვანია, რომ ორენოვანი კატალოგი ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივებში მოძიებული სიმღერების დაზუსტებულ ნუსხას აერთიანებს. ეს არის საგანძური, რომელიც ანზორ ერქომაიშვილმა მომდევნო თაობებს დაუტოვა.
აღსანიშნავია, რომ ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობითა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“.
ანზორ ერქომაიშვილს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია, მათ შორის: ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის, იაკობ გოგებაშვილის სახელობისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიები. ასევე, ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, იგი დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უდიდეს პატივს მიაგებს ქართული კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლის, ბატონ ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლსა და ხსოვნას“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, დიდი ქართველი მოღვაწე, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი 2021 წლის 31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანზორ ექომაიშვილი 2021 წლის 3 აპრილს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.