რადიაციის დონე ზაპოროჟიეში, დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურზე - IAEA-ს განმარტება

6 აგვისტოს რუსეთის თავდასხმამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს გარკვეული ზიანი მიაყენა, თუმცა რადიაციის დონე ნორმაშია. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი, უკრაინის ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ მიწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით აცხადებს.

გაერო კვლავ იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალებას მისცემენ.

დაზიანებულია ელექტრომომარაგების სისტემა, კედლები, სახურავი, ფანჯრები, გაყვანილობა, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს სამი სენსორის მუშაობაზე.

9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში.

ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას.


ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. 

Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან უმსხვილესი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.