უკრაინის წარმომადგენელი ეუთოში: ოლენივკაში წინასწარ დაგეგმილი მასობრივი მკვლელობის შესახებ საკმარის მტკიცებულებას ვფლობთ

ახლა საკმარისი მტკიცებულება არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ რუსეთის მიერ წინასწარ დაიგეგმა უკრაინელი სამხედრო ტყვეების მასობრივი მკვლელობა ოლენივკის ციხეში. ამის შესახებ უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ევგენი ციმბალიუკმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

„ოლენივკაში მომხდარის მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მასობრივი მკვლელობა“, - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ ციხეში მხოლოდ ერთი შენობა დაზიანდა, სადაც თავდასხმის წინ უკრაინელი სამხედრო ტყვეები მოათავსეს და ფოტოების ანალიზი აჩვენებს, რომ შენობაში თერმობარული იარაღით აფეთქება მოხდა.