აშშ-ის ექსპრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი 10 აგვისტოს დაკითხავს. იუწყება CNN წყაროზე დაყრდნობით. ექსპრეზიდენტის ადვოკატმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯერ უცნობია, უპასუხებს თუ არა ტრამპი კითხვებს, თუ თავს დაიცავს მეხუთე შესწორების უფლებით დახურულ კარს მიღმა ჩვენების მიცემისას.
ამ ინფორმაციას წინ უძღვის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლების მიერ ფლორიდაში მდებარე ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარება. ტრამპის თქმით, სამართალდამცველები მის სახლში გაუფრთხილებლად მივიდნენ და მისი სეიფიც გატეხეს. ტრამპმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი რეზიდენცია „ოკუპირებული იყო FBI-ს თანამშრომლების დიდი ჯგუფის მიერ".
„ეს ბნელი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა შეერთებული შტატების ისტორიაში“, - განაცხადა ექსპრეზიდენტმა. მისივე თქმით, მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებენ, რათა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობას ხელი შეუშალონ.
მოგვიანებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კომენტარი გავრცელდა, რომლის თანახმად, კანონზე მაღლა არავინ დგას.
მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.
ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა NBC News-ს განუცხადა, რომ ჩხრეკის დროს ამოღებულია რამდენიმე დოკუმენტი.