აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმთან დაკავშირებულ 100 ბელორუს სახელმწფო მოხელეს სანქციები დაუწესა. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-მ ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მეორე წლისთავთან დაკავშირებით მიიღო.
სანქცირებულთა შორისაა პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, კგბ-ის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, გენერალური პროკურატურის, საგამოძიებო კომიტეტის მთავარი დეპარტამენტის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი დეპარტამენტის თანამდებობის პირები. ასევე, სამთავრობო ტელეკომპანიების ჟურნალისტები, სამხედროები, პარლამენტარები, მოსამართლეები და სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელმძღვანელები.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცახდებაში აღნიშნულია, რომ „სანქცირებული პირები მონაწილეობდნენ წამებაში, მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივ დაკავებაში, ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და აქტივისტების სახლებისა და ოფისების უკანონო ჩხრეკაში, მათგან აღიარებითი ჩვენების მოპოვებაში, არჩევნების გაყალბებაში, ადამიანების პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებაში, სტუდენტების გარიცხვაში და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე რეპრესიული კანონების მიღებაში".
ბელორუსში 2020 წლის არჩევნების გაყალბების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში 297 ბელორუსი მოხვდა, რომელთაც სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ.