ჩორნომორსკის პორტიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის გამგზავრება გადაიდო. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მიზეზი, უამინდობაა. ორი გემი, რომლებმაც გუშინ გაიარეს ინსპექტირება, ახლა უკრაინის მიმართულებით მიცურავს. უკრაინის პორტებში დატვირთვის სამუშაო მიმდინარეობს.
10 აგვისტოს მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დატვირთულმა თორმეტმა გემმა უკრაინის პორტები დატოვა და ახლა შვიდი ქვეყნისკენ მიემართება.
27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი.
სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.