ინდონეზიაში რადარებიდან გაუჩინარებულ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, 62 ადამიანი იმყოფებოდა

ავიაკომპანია Sriwijaya Air-ის გაუჩინარებული ბოინგის ბორტზე სავარაუდოდ 62 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 62 მგზავრს შორის 10 ბავშვი იყო.

ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრმა ბუდი კარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 12 ეკიპაჟი. კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ბორტზე 56 მგზავრი და ექვსი ეკიპაჟი იყო.

ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, „ბოინგ 737-500“, რომელიც ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრინდა, რადარებიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავი ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა, რა დროსაც მასთან სიგნალი დაიკარგა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ თვითმფრინავის ნამსხვრევები მეთევზეებმა ჯაკარტას ჩრდილოეთით ზღვაში აღმოაჩინეს.