თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შესაძლოა, სომხეთთან პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობების საკითხი გადაწყდეს. ამის შესახებ თურქული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა Anadolu-ს განუცხადა, რომ სომხეთთან პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება.
მისი თქმით, თურქეთსა და სომხეთს შორის ტვირთბრუნვა წელიწადში $230 მილიონს შეადგენს. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების შედეგად, საქართველოს გავლით წელიწადში პროდუქციით დატვირთული 15 ათასი სატვირთო გადაადგილდება.
„თურქეთის შეფასებით, სომხეთთან ვაჭრობის ამჟამინდელი მაჩვენებელი შედარებით მცირეა, მაგრამ სინამდვილეში საუბარია მრავალმილიონიანი ქვეყნის (სომხეთის) ბაზარზე. თუ მხარეები შეძლებენ საკმარისი მოქნილობის უზრუნველყოფას და ურთიერთობების პოზიტიურ წერტილამდე მიყვანას, მაშინ ვითარება როგორც თურქეთის, ასევე სომხეთის ინტერესების მიხედვით შეიცვლება“, - დარწმუნებულია წყარო.
თურქული მედიის წყარომ ხაზი გაუსვა, ასევე თურქეთსა და სომხეთს შორის ნდობის გაზრდის მიზნით გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას.
მისი თქმით, ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის ეტაპობრივი წინსვლისთვის შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ. „დღევანდელი ვითარება არ ამართლებს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებში არსებულ მოლოდინს. უფრო პოზიტიური სურათის ფორმირებისთვის საჭიროა ნაბიჯები“.