„ევროკავშირის მიერ შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეების შესვლის აკრძალვაზე მსჯელობის დაწყება და ცალკეული განცხადებები არ ნიშნავს იმას, რომ ეთნიკური ნიშნით ვინმეს მიმოსვლა შეეზღუდება, დავუშვათ ეს გადაწყვეტილებაც რომ იყოს მიღებული, საქართველოს შემთხვევაში გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი, სპეციფიკური გარემოება - მილიონ ეთნიკურად ქართველს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, კავშირები აქვს შენარჩუნებული საქართველოსთან“, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ინფორმაციას, რომ ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვაც მოხვდეს.
სარჯველაძის აზრით, ევროპულ სახელმწოფოს მსგავსი გარემოება რომ ჰქონდეს - ეთნიკურად თავისი მოსახლეობის 1/4 რუსეთში ცხოვრობდეს და რუსეთის მოქალაქე იყოს, ამას მხედველობაში მიიღებდა.
„საქართველოს ჰყავს დაახლოებით მილიონი ეთნიკურად ქართველი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, იქ საქმიანობს და კავშირები აქვს შენარჩუნებული საქართველოსთან. ეს გარემოება რომ მხედველობაში არ იყოს მიღებული, მე არ მგონია, რომ ეს მართებული იყოს.
ამ სპეციფიკური გარემოების მხედველობაში მიღებაც აუცილებელი იქნება ყველა შემთხვევაში. ჯერ ერთი, ეთნიკური ნიშნით ვერ აიკრძალება, მოქალაქეობის ნიშნით თუ აიკრძალება, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ეს გახდეს პრობლემა 1 მილიონი ქართველისთვის საქართველოში ჩამოსვლა და აქ კავშირების შენარჩუნება“, - განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა.
9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკი დასავლეთს მოუწოდა, საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტოს.
- რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერება ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის პრიორიტეტია - ერმაკი
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირსა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს 10 აგვისტოს მიმართა, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. მისივე თქმით, რუსების უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ ომს უჭერენ მხარს.
აღსანიშნავია, რომ რიგ ქვეყნებს ხსენებული ზომა უკვე შემოღებული აქვთ.
- ესტონეთის პრემიერი: დროა, შევაჩეროთ ტურიზმი რუსეთიდან
- ფინეთის პრემიერი: არასწორია, როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები კი ევროპაში მოგზაურობენ