ესტონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ესტონეთში შესვლა, ამ ქვეყნის მიერ გაცემული  შენგენის ვიზებით ეკრძალებათ. სანქცია ძალაში ერთ კვირაში შევა.
 
თუმცა დაშვებულია რამდენიმე გამონაკლისი. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განუცხადა. 

ამ დროისთვის ესტონეთი უკვე აღარ გასცემს ტურისტულ ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე, თუმცა ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შესვლას შენგენის მოქმედი ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ.  

„ერთ კვირაში ამოქმედდება სანქციები შენგენის ვიზებთან დაკავშირებით, რომელიც ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებზე გასცა. ვიზები მოქმედი იქნება, თუმცა მისი მფლობელს სანქციები დაუწესდება და ესტონეთში შესვლას ვერ შეძლებს. კერძოდ, მათ ესტონეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ“, - განაცხადა მინისტრმა. 

მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება შეიცავს გამონაკლისებს. ესტონეთში შესვლას რუსეთის მოქალაქეობის მქონე დიპლომატები, მათი ოჯახის წევრები შეძლებენ. ამასთან დაშვებულია ქვეყანაში გადამზიდავების შესვლა, რომლებსაც მოქალაქეები გადაჰყავთ და საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვას ახორციელებენ. ესტონეთში შესვლას შეძლებენ რუსეთის ის მოქალაქეები, რომელთა დაშვებაც ჰუმანიტარული მოსაზრებებითაა შესაძლებელი. ასევე დაიშვებიან ის პირები, ვისი ნათესავებიც ესტონეთის მოქალაქეები არიან ან აქვთ ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების უფლება.  

ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ შეზღუდვა ეხება ესტონეთში გაცემულ შენგენის ვიზებს და აკრძალვა შენგენის ზონის სხვა ქვეყნებზე არ ვრცელდება.  

თუმცა, მომავალ კვირას ესტონეთის მთავრობა განიხილავს თუ რა გზებით აუკრძალოს შენგენის ვიზის მქონე რუსეთის ყველა მოქალაქეს ესტონეთში შესვლა.  

შეგახსენებთ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, (რომელიც ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობს) იან ლიპავსკიმ, ოთხშაბათს მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის სრულ აკრძალვას, რომელიც ადრე ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მიერ იყო შემოთავაზებული.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა მოუწოდა შეწყდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა ევროკავშირში მოგზაურობისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპაში ვიზიტი პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება.