სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება, $650-$850 მილიონია.
უკრაინული Forbes ასევე რუსული სამხედრო თვითმფრინავების სავარაუდო ღირებულებაზე წერს: Су-30СМ – $50 მლნ, Су-24МР – $6 მლნ, Ил-76 – $86მლნ.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილი 8-დან 24-მდე ავიატექნიკა განადგურდა.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკულმა კომპანია Planet Labs-მა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ აეროდრომზე 20 თვითმფრინავი დგას. მათ შორისაა Су-30СМ და მზვერავი Су-24МР, Ил-76 და რამდენიმე შვეულმფრენი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 აგვისტოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის 9 სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა და ზარალმა დაახლოებით $505 მილიონი შეადგინა.
ღია წყაროებზე არსებული დაზვერვის პროექტის UA Weapons Tracker-ის ცნობით, აეროდრომზე 11 თვითმფრინავი იყო და რუსეთის ფედერაციას დაახლოებით $300 მილიონის ზარალი მიადგა. დაზვერვა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, 11 -ზე მეტი თვითმფრინავი განადგურდა, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის.
უკრაინის საჰაერო ძალები 10 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ყირიმში რუსი ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი განადგურდა.
Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია.