გაერთიანებული სამეფოს მიერ გაგზავნილი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები უკრაინაშია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი იუწყება. მინისტრმა დაამატა, რომ უკრაინაში მალე მეტი „საჩუქარი“ ჩავა.
„დიდმა ბრიტანეთმა დაპირება შეასრულა! მეტი M270 MLRS ჩამოვიდა უკრაინაში. მადლობა ბენ უოლესს და ყველა ბრიტანელს! თქვენი მხარდაჭერა გასაოცარი და ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ჩვენი არმია ოსტატურად გამოიყენებს ამ რესურსს ბრძოლის ველზე", - დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ზე.
მედიაში 11 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის დასახმერებლად მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების რაოდენობას აორმაგებს. ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა BBC-სთან განაცხადა.
ამ დროისთვის დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას უკვე გადასცა სამი M270 ტიპის სისტემა. ისინი იყენებენ იმ რაკეტებს, რასაც ამერიკული HIMARS სისტემები. უოლესმა დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაუგზავნიდა კიდევ სამ ასეთ სისტემას, ასევე მათთვის მნიშვნელოვან რაკეტებს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებაში განმარტეს, რომ მათი ნაბიჯი „მჭიდროდ კოორდინირებულია“ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებასთან, უკრაინას მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS) მიაწოდოს.