დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური ოპერატიული ძალების საველე სწავლება ჩატარდა. სწავლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დაესწრო.
უწყების განცხადებით, საწვრთნელი ოპერაციის მიზანს მძევლის გათავისუფლება და ტერორისტების მიერ ქიმიური და რადიაციული ნივთიერებების გავრცელების აღკვეთა წარმოადგენდა, რასაც სწავლების მონაწილეებმა თავი წარმატებით გაართვეს.
საველე სწავლებაში მონაწილეობდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის 70-მდე წარმომადგენელი. სწავლებისას გამოიყენებოდა UH-1H იროკეზის ტიპის შვეულმფრენი, 4 ერთეული “კობრას” ტიპის ჯავშანმანქანა და 1 ერთეული სამედიცინო ჯავშანმანქანა “მგელი”.
სუს-ის ცნობით, საველე სწავლებას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი გიგა ნიკოლეიშვილი. სწავლების დასრულების შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა ჯავშანტექნიკა და გამნაღმველთა სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერეს. საჩვენებელ ღონისძიებას საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სწავლება მაღალ დონეზე შეაფასეს.
საწვრთნელ ოპერაციას ესწრებოდნენ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი ლევან ახობაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფების ხელმძღვანელები, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და კომიტეტის წევრები.