უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვის ინიციატივით უკმაყოფილოები არიან, ურჩევს პრეტენზიები კრემლისკენ მიმართონ.
„ევროპაში ტურისტული მოგზაურობის აკრძალვის პერსპექტივით განაწყენებულ რუსებს შეუძლიათ თავიანთი საჩივრებით მიმართონ კრემლს და მათი თანამემამულეებიდან ომის მომხრე 70%-ზე მეტს. არავინ ითხოვს იმ რამდენიმე რუსისთვის აკრძალვას, ვისაც შეიძლება თავშესაფარი ან ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდეს“,-წერს კულება Twitter-ზე.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.