უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, საქართველოს, თურქეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის რკინიგზებმა საკონტეინერო ბლოკ-მატარებლების მიერ სატვირთო გადაზიდვებზე ტარიფების 70%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინეს.
ამასთან, უწყებაში აღნიშნეს, რომ უზბეკეთი წარმატებულად იყენებს „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მარშრუტსა და „ალიატის“ საზღვაო პორტს.
„ამჟამად ჩვენ ვხედავთ აზერბაიჯანის გავლით სატრანზიტო დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის ეტაპობრივ ზრდას. ქვეყნის სატვირთო გადამზიდველები ზრდიან ტვირთის გადაადგილებას უშუალოდ კასპიის ზღვის გავლით. ამასთან ჩვენ ვგეგმავთ იმ სახელმწიფოებთან, რომლებზეც ეს დერეფანი გადის, ურთიერთობისთვის ხელსაყრელი პირობები შევქმნათ", - ნათქვამია უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში უზბეკეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა სამთავრობათაშორისო შეთანხმებას საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის შესახებ, რომლის მეშვეობითაც საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების პრაქტიკა „ნებართვის ფორმების“ საფუძველზე დაინერგა. ასევე შეიქმნა საერთაშორისო გადაზიდვების შერეული კომისია.
უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, „სანებართვო სისტემა“ ხელს შეუწყობს საქონლის გადაადგილების სტატისტიკის ფორმირებას, რათა სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისთვის შესაბამისი ანალიზი მომზადდეს.