ევროკავშირი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშში მიუთითებს, რომ სახალხო დამცველი და მისი აპარატი აქტიურად აგრძელებდა თავისი სამეთვალყურეო როლის შესრულებას. მისი მანდატის შესაბამისად გაცემული რეკომენდაციები კი, საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.
„ოფისმა განიცადა ზეწოლა იმის გამო, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს, მათ შორის „თბილისის პრაიდს“ და ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის პატიმრობის პირობებს; განხორციელდა სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობის შერყევისა და მისი თანამშრომლების კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობები“, - წერია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ნინო ლომჯარიას ბოლო პერიოდში მწვავედ აკრიტიკებენ და საქართველოს სახალხო დამცველს „ნაციონალური მოძრაობის“ ომბუდსმენს უწოდებენ. ლომჯარია თვლის, რომ „დაუსაბუთებელი თავდასხმები სახალხო დამცველის რეპუტაციას მხოლოდ აძლიერებს“.