ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სასამართლო სისტემაში რეფორმებს ცალკე თავი ეთმობა.
დოკუმენტში წერია, რომ 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებასა და მომდევნო შემთხვევებში, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო ვალდებულება, მიეღო ამბიციური სასამართლო რეფორმა, როგორც პირველი ნაბიჯი ფართო, ინკლუზიური პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმის პროცესისა.
მიუხედავად ამისა კი, სასამართლო სისტემაში წარდგენისა და დანიშვნის პროცესები 2021 წელს კომპლექსური რეფორმების გარეშე გაგრძელდა.
სასამართლო სისტემაში რეფორმები გასული წლის განმავლობაში შეჩერდა და საკვანძო სფეროებში რეგრესიც კი განიცადა. საქართველოს ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გაზარდის ვალდებულება არაერთხელ აიღო, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესში ცვლილებების შეტანის საშუალებით ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ზედიზედ სამ დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
თუმცა, 2021 წლის 12 ივლისს, პირველ დეკემბერს და 29 დეკემბერს, შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მთლიანობაში 11 მოსამართლე დაინიშნა. 2019-2021 წლებში საქართველოს პარლამენტმა 28-ვე ახლად არჩეული მოსამართლე, ოპოზიციური პარტიების ძალზე შეზღუდული მხარდაჭერით უვადოდ დანიშნა. 2021 წლის აპრილში საერთო სასამართლოების
შესახებ კანონში მცირე ცვლილებები შევიდა.
მიუხედავად ამისა, მოსამართლეთა წარდგენის პროცესში ხანგრძლივად არსებული ხარვეზები (კერძოდ, გასაჩივრების პროცესის არარსებობა) აღმოუფხვრელი რჩება ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად.
ეუთო/ოდირის საბოლოო მონიტორინგის ანგარიშის11 თანახმად, პარლამენტის მიერ განხორციელებული დანიშვნის პროცედურის ეტაპი კვლავინდებურად არ ითვალისწინებს საკმარის
სამართლებრივ გარანტიებს, რაც უარყოფითად აისახება მთლიანი პროცესის კეთილსინდისიერებაზე.
მიუხედავად ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მოწოდებისა, შემდგომ სასამართლო დანიშვნებში პაუზა გაკეთებულიყო, მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2021 წლის 26 მაისს და 31 ოქტომბერს, შესაბამისად მთლიანობაში ექვსი მოსამართლე წევრი დანიშნა. ეს გაკეთდა ნაჩქარევად, წინასწარი განცხადების და საჭირო შემოწმების გარეშე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოცხადებული ვაკანსია შეუვსებელი დარჩა. მოსალოდნელია, რომ ეს არამოსამართლე წევრები უფრო ფართო კონსენსუსის საფუძველზე (პარლამენტის სამი მეხუთედის უმრავლესობით) შეირჩევიან და სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებს წარმოადგენენ.
2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ. პროექტის შემუშავების პროცესში არ ჩატარებულა კონსულტაციები და დაჩქარებული პროცედურის გატარების დასაბუთება არ ყოფილა. ცვლილებებმა გააძლიერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიცია, შექმნა მოსამართლეთა ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანის შესაძლებლობა ევროსტანდარტებით მოთხოვნილი შეზღუდვების გარეშე და დისციპლინური სამართალწარმოების ახალი საფუძველი.
ვენეციის კომისიამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მოთხოვნილ დასკვნაში12, გამოთქვა შეშფოთება გადამეტებულ დაჩქარებასთან, ინკლუზიური და ეფექტიანი
კონსულტაციების ნაკლებობასთან და ამ ცვლილებების მოტივების გამჭვირვალობის ნაკლებობასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობაზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის ივნისის გადაწყვეტილების შესასრულებლად პარლამენტს 2021 წლის ივლისში წარედგინა კანონპროექტი, რომელიც ადგენს სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების წესებს. გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული.
მომავალი გენერალური პროკურორების არჩევისთვის, 2021 წლის 29 ივნისს წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრას. თუმცა, ვენეციის კომისიის არსებული რეკომენდაციების და 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების მიუხედავად, ეს დებულება პარლამენტში პირველი კენჭისყრის შემდეგ არ შენარჩუნდა“, - წერია დოკუმენტში.