მსოფლიოს ქვეყანები, მათ შორის, საქართველო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან. შესაბამისი ტექსტი ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე განთავსდა.
განცხადების ავტორების თქმით, რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის, სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს წესდების უხეში დარღვევაა.
„რუსული სამხედრო ძალების არსებობა ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფერხებს ოპერატორს და უკრაინის ხელისუფლებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულებაში საერთაშორისო კონვენციებისა და IAEA-ს უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და ხელს უშლის IAEA-ს, შეასრულოს მისი უსაფრთხოების მანდატი.
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და ყველა სხვა არასანქცირებული პერსონალი ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან, რათა ოპერატორმა და უკრაინის ხელისუფლებამ განაახლონ თავიანთი სუვერენული პასუხისმგებლობა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ლეგიტიმურ მოქმედ პერსონალს შეეძლოს თავისი მოვალეობების შესრულება გარე ჩარევის, საფრთხის ან სამუშაოს დაუშვებლად მკაცრი პირობების გარეშე”,- აღნიშნულია განცხადებაში.
მისივე თანახმად, უდავოა, რომ რუსეთის შეჭრა და მისი მუდმივი ყოფნა უკრაინის ბირთვულ ობიექტებში მნიშვნელოვნად ზრდის ბირთვული ინციდენტებისა და ავარიების რისკს.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გამოყენებას უკრაინაში მისი უკანონო ქმედებების გასამართლებლად.
საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს აგრესიისთვის პასუხს აგებინებს და რუსეთმა უნდა აგოს პასუხი უკრაინაში მის უკანონო ქმედებებზე”, - წერია განცხადებაში.
ერთობლივი ტექსტი შემუშავებულია ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, კანადის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის, ლიხტენშტეინის, ლიეტუვას, ლუქსემბურგის, მალტას, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, კორეის რესპუბლიკის, მოლდოვის რესპუბლიკის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და ჩრდილოეთ ირლანდიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე, ევროკავშირის მიერ.