ირაკლი ღარიბაშვილი: იმპორტიორები შეგვპირდნენ, რომ საწვავზე ფასს 20-30 თეთრით შეამცირებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იმპორტიორები პირობას დებენ, რომ აგვისტოს ბოლომდე საწვავის ფასებს დამატებით, ჯამში 20-30 თეთრით შეამცირებენ.

„ივლისსა და აგვისტოში იმპორტიორებმა 10-10 თეთრით დააკლეს ფასები და ისინი შეგვპირდნენ, რომ კიდევ უფრო მეტად აპირებენ აგვისტოს ბოლომდე ფასების დაკლებას, ჯამში 20-30 თეთრით“, - განაცხადა პრემიერმა. 

„ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საქართველოში საწვავის ფასებს, მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის სააგენტოსთან - დღეს დილითაც მქონდა მათთან საუბარი.

მიუხედავად იმისა, რომ ლარი გამყარდა, ასევე პლატსის ფასები არის დაკლებული, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა იმისა, რომ ჯერაც არ პოვა სათანადო ასახვა საწვავის ფასებზე და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება. ამიტომაც საჭიროა, რომ საწვავის იმპორტიორებთან გავააქტიუროთ მუშაობა.

რეკომენდაციით მივმართე კონკურენციის სააგენტოს, რომ დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, მაგალითად: რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების არდარღვევა, რამდენად სწორად იცავენ ისინი ამ წესებს და ხომ არ არის რაიმე სახის გადაცდომა ან კეთილსინდისიერების დარღვევა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.