ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის ახალი მეთაური პოლონეთის შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის ახალი მეთაური, გენერალი დერილ უილიამსი ვარშავაში ჩავიდა. პოლონეთი შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავს.

„NATO ძლიერია, პოლონელი ხალხი ძლიერია და ჩვენ მათთან ერთად ვდგავართ. ჩვენ ერთად ძლიერები ვართ. ეს არის აშშ-ის გზავნილი“, - განაცხადა უილიამსმა.

უილიამსი ვარშავის ცენტრში, უცნობი ჯარისკაცის საფლავის წინ გამართულ ცერემონიას დაესწრო.

პარტნიორებს უკრაინის პრეზიდენტმაც მიულოცა.

„ძვირფასო მეგობრებო, მოკავშირეებო, ძმებო! ნებისმიერი სახელმწიფო ლიდერისთვის დიდი პატივია, რომ შეუძლია, ასე მიმართოს პოლონელ ხალხს. მე ვამაყობ, რომ ასეთი მიმართვა უკრაინის სახელმწიფოსგან ყველაზე გამართლებულად ჟღერს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 


„დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, ჩვენ კვლავ ერთად ვხვდებით მრავალსაუკუნოვან მტერს“, - თქვა თავის მხრივ, უკრაინის მთავარსარდალმა პოლონეთის შეიარაღებული ძალების ყოველწლიურ დღესთან დაკავშირებით.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ პოლონელ სამხედროებს პოლონურ ენაზე მიმართა.

„ვარშავის ბრძოლაში თქვენმა ხალხმა დაიცვა თავისი სახელმწიფოებრიობა და იხსნა ევროპა ბოლშევიკების შემოსევისგან. ამ ომში პოლონეთის მოკავშირე, უკრაინის სახალხო რესპუბლიკა იყო. დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, კვლავ ერთად ვდგავართ მრავალსაუკუნოვანი მტრის წინაშე. მე უაღრესად მადლიერი ვარ პოლონელი ხალხის, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

თავის მხრივ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ცერემონიის წინ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „წლები გადის, მაგრამ ერთი რამ მუდმივია - რუსეთი ცდილობს თავისი იმპერიის აღდგენას, ის ყოველთვის ბოროტების იმპერიაა. ის ყოველთვის სჩადის ომის დანაშაულებს“.