ვოლოდიმირ ზელენსკი: ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი შესაძლოა, დარტყმა აღმოჩნდეს თურქეთისთვის და საქართველოსთვის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი არ წყვეტს შანტაჟს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და მის გარშემო. მისივე თქმით, ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის პროვოკაციული დაბომბვა გრძელდება.

„რუსული ჯარები საბრძოლო მასალას და აღჭურვილობას სწორედ ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე მალავენ. დე ფაქტო ქარხანა დანაღმულია.


ეს ყველაფერი მკაფიოდ აჩვენებს, რომ რუსეთი უარს ამბობს ევროკავშირის ქვეყნებისა და 15 სხვა ქვეყნის - სულ 42 - უსაფრთხოების მოთხოვნებზე, რომლებმაც რუსეთს ძალების გაყვანისკენ მოუწოდეს. კერძოდ, ესენია თურქეთი, საქართველო, დიდი ბრიტანეთი, კორეა, იაპონია, ავსტრალია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები.


თუ ტერორისტული სახელმწიფო საკუთარ თავს უფლებას აძლევს, სრულად უგულვებელყოს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნები, განსაკუთრებით ასეთ სენსიტიურ თემაზე, ეს მკაფიოდ მიუთითებს სასწრაფო მოქმედების აუცილებლობაზე.
ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერმა რადიაციულმა ინციდენტმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს ევროკავშირის ქვეყნებზე, ასევე, თურქეთზე, საქართველოსა და უფრო შორეული რეგიონების ქვეყნებზე.

ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ქარის მიმართულებასა და სიჩქარეზე. თუ რუსეთის ქმედებები კატასტროფას გამოიწვევს, შედეგებმა შეიძლება, დააზარალოს ის, ვინც აქამდე დუმს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.