უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის აკრძალვას პრეზიდენტ პუტინზე ზემოქმედების ყველაზე ეფექტიან გზად მიიჩნევს.
ამის შესახებ ზელენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თავიდანვე ვთქვი და მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების ჩაკეტვაა, რადგან ისინი სხვას ტერიტორიას ართმევენ. დაე, იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე არ შეცვლიან თავიანთ ფილოსოფიას“, - თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა სანქცია.
ზელენსკი თვლის, რომ ეს არის პუტინზე გავლენის მოხდენის ერთადერთი გზა.
უკრაინის პრეზიდენტმა დაამატა, რომ არიან რუსებიც, რომლებიც ომს საჯაროდ ეწინააღმდეგებიან, თუმცა ეს მხოლოდ იზოლირებული შემთხვევებია და ეს ადამიანები ციხეებში არიან.
„როდესაც მისი მოსახლეობა ზეწოლას მოახდენს მის გადაწყვეტილებებზე, მაშინ იქნება შედეგი და ომი დასრულდება. ეს არის ძალიან მკაფიო სანქციები, ეს ძალიან მარტივია.
„საქმე არც ფულზეა, არც გაზზე, არც მილსადენებზე, ან იმაზე, რომ გერმანელებს ზამთარში სითბო არ ექნებათ. დახურეთ საზღვრები ერთი წლით და ნახავთ შედეგს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.