რამდენიმეწლიანი დაძაბულობის შემდეგ, თურქეთმა და ისრაელმა ელჩების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ თურქეთის საგაერეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ გადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, ანკარა პალესტინელების უფლებებს დაიცავს.
ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ თურქეთი და ისრაელი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების დასამყარებლად უახლოეს მომავალში შეხვედრას გეგმავენ.
თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანის ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს.
„თურქეთთან ურთიერთობების განახლება მნიშვნელოვანი აქტივია რეგიონული სტაბილურობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივია ისრაელის მოქალაქეებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას და ისრაელის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას მსოფლიოში“, - ციტირებს ადმინისტრაცია იაირ ლაპიდის სიტყვებს.
მანამდე ისრაელმა და თურქეთმა ახალ ორმხრივ სამოქალაქო საავიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ქვეყნებს შორის ხელახალი დაახლოების პროცესი 2020 წლის მაისიდან დაიწყო.
„2018 წელს იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის საწინააღმდეგო აქციების დროს, ღაზის საზღვარზე ისრაელის ძალების მიერ 60 პალესტინელის ლიკვიდირების შემდეგ, ორმა რეგიონულმა ძალამ ქვეყნებიდან ელჩების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ქვეყნები კავშირების გამოსწორებაზე მუშაობდნენ, ენერგეტიკა პოტენციური თანამშრომლობის საკვანძო სფეროდ იქცა“, - წერს Reuters-ი.