უზბეკეთმა და საუდის არაბეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power-ი ყარაყალპაკის რესპუბლიკაში 1,5 გვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შეთანხმება უზბეკეთის პრეზიდენტის შავქათ მირზიოევის საუდის არაბეთში ვიზიტისას გაფორმდა.
მედიის ცნობით, ეს იქნება უმსხვილესი ქარის ელექტროსადგური არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. დაგეგმილია, რომ ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრე შეძლებს ელექტროენერგიით უზრუნველყოს 1,65 მილიონი ოჯახი და მოახდონოს წელიწადში 2,4 მილიონი ტონა ნახშირბადის გამონაბოლქვის კომპენსაცია.
ამასთან, საუდის არაბეთი უზბეკეთის ენერგეტიკაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში $10 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.
საერთო ჯამში, მხარეებმა 12 მილიარდი დოლარის ღირებულების სამ ძირითად ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. დღეისათვის უზბეკეთში საუდის არაბეთის პარტნიორებთან ერთად არაერთი ენერგეტიკული პროექტი ხორციელდება.