ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს პირველი ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს.
პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება.
„საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, პერიოდულად იგეგმება ცესკო-სა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომების გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა კი, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის როგორც ყოველთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
მოგმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, დროულად გაიაროთ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად. აღნიშნული მოგცემთ შესაძლებლობას, რომ გქონდეთ სრული ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, შეუფერხებლად შეძლოთ ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრება, საარჩევნო პროცესებზე დაკვირვება და გაშუქება. ინფორმაცია შუალედური არჩევნების აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადების და წესების შესახებ იხილეთ ბმულზე.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ცესკო-ს ვებგვერდს – cesko.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე – 2 51-00-51“, – აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში.