საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა. 2021 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 22,1% იყო, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალში 19,4%-ს შეადგენდა.
2022 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 36.2 ათასი კაცით (4.4%) და 867.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.4 ათასით გაიზარდა (5.1%) და 401.2 ათასი შეადგინა.
ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 63.0 ათასით (18.3%) და 281.6 ათასი შეადგინა.
2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 50.2 ათასი კაცით (6.1%), თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილია 18.9 ათასით (4.9%), ხოლო უმუშევართა რიცხოვნობა 8.1 ათასითაა (2.8%) შემცირებული.
2022 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.4 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საქსტატის მონაცემებით, II კვარტალში უმუშევრობის დონე როგორც საქალაქო ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 4.0 პროცენტული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.8 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.2 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.5 პროცენტული პუნქტით.
2022 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში შესაბამისად 1.6 და 2.9 პროცენტული პუნქტით.