ევროკავშირის წარმომადგენლობა სთხოვს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციას მიეცეს შესაძლებლობა არსებითი მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით.
ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკომისიის რეკომენდაციებში ჩამოთვლილ მეათე პუნქტზე მიუთითებს.
„მოვუწოდებთ საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია მოწვეული იყოს და მიეცეს შესაძლებლობა, არსებითი მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით.
#10 პრიორიტეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით შეესაბამება პარლამენტში მიმდინარე მუშაობას“, - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობაის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
„არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმას ჩვენგან წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ამ პროცესში ჩართვა არის ჩვენთვის სრულად მიუღებელი. ის ორგანიზაციები, რომლებიც არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული და თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირეს, ვერანაირად იქნება დაშვებული ამ ფორმატში - არ შეიძლება, მონაწილეობდეს მხარე. ამ ორგანიზაციამ ნეიტრალიტეტი დაკარგა", - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ.
ხსენებული გადაწყვეტილების გამო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმაც, რომელიც სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენდა.
18 აგვისტოს სიმონიშვილმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიუღებელია, გააგრძელოს იმ შეხვედრებში მონაწილეობა, სადაც ხელისუფლება ვინმეს არ უშვებს.
„სამართლიანი არჩევნების" დირექტორი ნინო დოლიძე ამბობს, რომ„"ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით სამოქალაქო საზოგადოების აზრი იზღუდება.
„ჩვენთვის ერთადერთი ამოსავალი წერტილია, საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, გადადგას ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბრძოლას. პროცესს აზიანებს ის, რომ არჩევნების საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში პროფესიული ორგანიზაცია იბლოკება იმის გამო, რომ აქვს განსხვავებული მოსაზრება. ეს აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზას. მიუხედავად აზრთა განსხვავებულობისა, მნიშვნელოვანია ერთად დასხდომა და ქვეყნისთვის გასაკეთებელ საქმეებზე საუბარი. „სამართლიანი არჩევნები" ამისთვის მზად იყო", - განუცხადა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს.
სამუშაო ჯგუფი მმართველმა პარტიამ შექმნა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ორი კვოტა დაუშვა. ჯგუფში შედიან საპარლამენტო უმრავლესობის 4 წევრი, თითო წევრი პოლიტიკური ჯგუფებიდან „გირჩი“, მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები", ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრი პარტიიდან - „საქართველოსთვის“. ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩართულები არიან ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.
ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში, რომლის შესრულება საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი პირობაა, მეათე პუნქტში წერია: ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე. მიიღეთ კანონი, რათა ქართველმა მოსამართლეებმა პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები.