მონტენეგროს პარლამენტმა დრიტან აბაზოვიჩის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.
კენჭისყრა სოციალისტების დემოკრატიული პარტიის (DPS) ინიციატივით გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი ხელმძღვანელობდა. კენჭისყრის შედეგები დღეს CdM პორტალმა გამოაცხადა.
მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების წინადადება სოციალისტების დემოკრატიული პარტიის, ლიბერალური პარტიის, სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და ალბანელთა დემოკრატიული კავშირის 36 წარმომადგენელმა წამოაყენა
მონტენეგროს 43-ე მთავრობის ქმედებების განხილვა 12 საათს გაგრძელდა, რის შედეგადაც 51 დეპუტატიდან 50-მა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.
კენჭისყრის შედეგებზე გავლენა იქონია იმან, რომ აბაზოვიჩმა მონტენეგროს ევროინტეგრაციის შესახებ, ნაკისრი ვალდებულებები ას დღეში არ შეასრულა. ქვეყანა 2010 წლიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები კი 2012 წლიდან მიმდინარეობს.
ევროკავშირის განცხადებით, მონტენეგროს სჭირდება ღრმა რეფორმები კანონის უზენაესობის მშენებლობის, კონკურენტული ეკონომიკის განვითარების, რეგიონული თანამშრომლობისა და შერიგების სფეროებში.
მთავრობა აბაზოვიჩის მეთაურობით 28 აპრილს ჩამოყალიბდა. მანამდე, 4 თებერვალს მონტენეგროს პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე ზდრავკო კრივოკაპიჩის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.