უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მოსახლეობა 24 აგვისტოს, კიევზე სარაკეტო თავდასხმების საშიშროების შესახებ გააფრთხილა.
მანამდე ანალოგიური მოწოდებით პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა.
„რუსეთი არქაული სახელმწიფოა. ის თავის ქმედებებს გარკვეულ თარიღებს უკავშირებს - რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხალხი თავს ცუდად გრძნობდეს. მათ ვძულვართ, ამიტომ, შეეცდებიან, გაზარდონ ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმების რიცხვი მთელ რიგ ქალაქებზე 23 და 24 აგვისტოს. რა თქმა უნდა, კიევი იქნება ამ ქალაქების სიაში“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
24 აგვისტოს, ზუსტად ექვსი თვე შესრულდება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.
„ეს სიმბოლური თარიღია. ომის ნახევარი წელი გავიდა და რუსული სამყარო აგებს. ამიტომ, მათ სურთ ამ ექვსი თვის განმავლობაში გარკვეული კომპენსაციის მიღება. ყირიმში „ცხელი სეზონისთვის“ კომპენსაციის მიღება სურთ“, - აღნიშნავს პოდოლიაკი.