უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტმა აგვისტოს ბოლოსთვის, შესაძლოა, ომამდელ მაჩვენებელს 50%-ით გადააჭარბოს

უკრაინის მარცვლეულისა და ზეთოვანი თესლის ექსპორტმა აგვისტოს ბოლოსთვის შესაძლოა, 4 მილიონ ტონას მიაღწიოს, რაც ომამდელ მაჩვენებელზე 50%-ით მეტია.

ამის შესახებ უკრაინული აგრარული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დენის მარჩუკმა განაცხადა.

„საზღვაო პორტების მუშაობის პირობებში, გასულ წელს ჩვენ ყოველთვიურად ვტვირთავდით დაახლოებით 6 მილიონ ტონას. შესაბამისად, იზრდება სხვადასხვა საექსპორტო მარშრუტის გამოყენების პოტენციალი. ერთადერთი საკითხია შავ ზღვაში გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. 27 გემმა უკვე დატოვა ჩვენი საზღვაო ნავსადგურები. კიდევ 18 გემი ჩასატვირთად დგას, 40-მა კი შესვლის თხოვნით მიმართა. თუ გვინდა მივაღწიოთ ომამდელ დონეს, ყოველთვიურად, დაახლოებით 80-100 გემი უნდა დავტვირთოთ. შავი ზღვის პორტების გავლით“, - განაცხადა მარჩუკმა.

როგორც ცნობილია, „მარცვლეულის დერეფნის“ განბლოკვიდან 20 დღის შემდეგ, უკრაინის საზღვაო პორტები დატოვა 27-მა გემმა, რომლებმაც სულ 670 000 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია გადაიტანა.

22 ივლისს, სტამბოლში, გაეროს წინადადებით, უკრაინამ, თურქეთმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ოდესის, ჩორნომორსკისა და პივდენიის პორტებიდან მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების უსაფრთხო ტრანსპორტირების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.