თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები აქტიურ ფაზაშია. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის პირველი შეხვედრა მოლაპარაკების მაგიდასთან სტამბოლში შედგა. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის აქტიური მონაწილეობით გაიხსნა „მარცვლეულის დერეფანი“ და უკრაინის პორტებიდან 24 თებერვლის შემდეგ დაბლოკილი ხორბლის გადაზიდვა დაიწყო. ორი კვირის წინ, სოჭში, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა. რის შედეგადაც გაირკვა, რომ თურქეთი რუსულ ბანკებთან ითანამშრომლებს და გაზის საფასურს ნაწილობრივ რუბლში დაფარავს. მოგვიანებით კი ერდოღანმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, კრემლთან მოლაპარაკებების გამართვა კვლავ სტამბოლში შესთავაზა.
რა როლი აქვს თურქეთს მსოფლიოში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და რა სცენარით შეიძლება განვითარდეს ურთიერთობები ანკარასა და მოსკოვს შორის, ამ და სხვა საკითხებზე Europetime „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელ, დავით გოჩავას ესაუბრა.
ET: უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ვხედავთ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები აქტიურ ფაზაშია. რასთან გვაქვს საქმე? როგორ ფიქრობთ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, როგორც ზედაპირზე ჩანს მხოლოდ „მარცვლეულის დერეფნის“ ფარგლებში აქტიურობს, თუ რუსეთთან ურთიერთობების „კვალი“ უფრო ღრმად მიდის?
როდესაც სოჭიდან სახლში ბრუნდებოდა, ერდოღანმა მედიასთან განაცხადა, რომ აქვს სურვილი, იყოს „შანხაის ხუთეულის“ წევრებთან და მათთან, ვინც ამ ორგანიზაციას დამკვირვებლად ან დიალოგის პარტნიორის სტატუსით შეუერთდება - „მაგალითად, საუდის არაბეთი და ყატარი. ჩვენი მიზანია მათთან ერთად ყოფნა“, - თქვა ერდოღანმა. აქ ეს არის მთავარი გზავნილი. ერდოღანი ამბობს, რომ „შანხაის ხუთეულის“ წევრებთან და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებთან ურთიერთობა ურჩევნია. ამას თურქეთის პრეზიდენტი ღიად და თამამად აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში.
ET: რატომ არის „შანხაის ხუთეული“ თურქეთისთვის ასეთი მნიშვნელოვანი?
„შანხაის ხუთეულის“ წევრები არიან ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი, (შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია 2001 წელს დაარსდა. მონღოლეთი, ირანი, ინდოეთი ავღანეთი და პაკისტანი ამ ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით არიან, ბელორუსი და თურქეთი კი, „პარტნიორი დიალოგის საკითხში" თანამშრომლობენ). შესაძლოა, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანდეს ირანიც.
- ამ შეხვედრაზე რუსეთი ეპატიჟება თურქეთსაც. შორი არაა ის დრო, როცა თურქეთი ამ ორგანიზაციის წევრი გახდება. „შანხაის ხუთეულის“ წევრი სახელმწიფოების მოსახლეობა, დაახლოებით, პლანეტის მოსახლეობის ნახევარია და ამ ქვეყნებში მსოფლიოს შიდა პროდუქტის მესამედი იქმნება. ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ვაჭრობენ ევროპასთან. აქ უკრაინის ომიდან გამომდინარე გაჩნდა ამ ქვეყნებში შექმნილი საქონლის ტრანსპორტირების პრობლემა. ეს საკითხი შესაძლოა, იმის მიხედვით გართულდეს, თუ როგორ და რა მოცულობით გაიზრდება სანქციები.
ET: ამ შეფასებიდან გამომდინარე ე.ი. რუსეთი ეძებს პარტნიორს, რომელიც დაპირისპირებულ დასავლეთთან დააკავშირებს?
დიახ, რუსეთი ეძებს ქვეყანას, რომელიც ამ დაპირისპირებულ დასავლეთთან კავშირს დაამყარებს და კომუნიკაციას შეძლებს, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. რუსეთის ეკონომიკა რომ გადარჩეს, ამისთვის დანარჩენ მსოფლიოსთან უნდა ივაჭროს. იყო ასეთი გეგმა, რომ ის გახდებოდა ჩინეთის ე.წ. ნედლეულის დანამატი, მაგრამ ეს არ გამოვიდა. რადგან ჩინეთს აშშ-თან ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებით და დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდა. ჩინეთმა დასავლეთზე გააკეთა აქცენტი და უფრო ევროპის კავშირთან და აშშ-თან არსებული სავაჭრო ურთიერთობების განვითარება განიზრახა, ვიდრე ის, რომ რუსეთიდან ბუნებრივი რესურსები იაფად მიიღოს.
ET: იმ ფონზე როცა მთელი მსოფლიო პუტინის რუსეთს უპირისპირდება, რას ეყრდნობა ერდოღანის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, ესაა ტაქტიკური ნაბიჯები თუ კონკრეტული სტრატეგია?
რუსეთი ეძებს პარტნიორს. თურქეთი ვრცელი ქვეყანაა ევროპასა და აზიას შორის. ხელსაყრელია მისი გეოგრაფიული მდებარეობა. ახლა ქვეყანაში რთული ვითარებაა, იმ გაგებით, რომ ინფლაციამ 70%-ს გადააჭარბა. ასევე, 2023 წელს თურქეთში არჩევნებია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თურქეთს რუსეთი სჭირდება როგორც ჰაერი. თავის მხრივ კი, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს დასავლეთთან გართულებული ურთიერთობების განეიტრალება სურს.
ET: აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებული შტატები ანკარას აფრთხილებს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად თურქეთის გამოყენებას ცდილობს. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს გარკვეული მინიშნება, რომ სანქციების საფრთხე არსებობს და დასავლეთს თურქეთთან მიმართებით გარკვეული ეჭვები აქვს. თუ ასეა, მაშინ რატომ რისკავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი?
- პრობლემები მოსალოდნელია, მაგრამ პოლიტიკა სწორედ ეს არის, რომ შესაძლებლობების ზღვარზე გადის. ერდოღანი რუსეთთან მიმართებით რისკავს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება პუტინთან მისი ურთიერთობა. ფაქტია, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მოცემულ მომენტში არის უნიკალური. ერთადერთი ადამიანი, რომელიც რაღაც საკითხში მაინც აღწევს შეთანხმებას პუტინთან, არის ერდოღანი.
ET: ცნობილია, რომ თურქეთი NATO -ს წევრია და ამ ალიანსში აშშ-ის შემდეგ რესურსით მეორეა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მადრიდში, ბოლო შეხვედრისას დაამტკიცა განვითარების სტრატეგია, რომელის თანახმადაც უპირველესი მტერი არის რუსეთი. ამ ფონზე როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები?
ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყანა „მეგობრობს“ და თანამშრომლობს NATO-ს უპირველეს მტერთან. რა თქმა უნდა ეს არის რისკი, ხიფათი, საშიშროება. რა თქმა უნდა თურქეთს ემუქრება სანქციები. თუმცა, როგორც ჩანს, თურქეთი მზად არის საპასუხოდ. დააკვირდით, როგორ ლავირებს. ფაქტი ერთია, შექმნილ ვითარებაში, რუსეთთან რიგ საკითხებზე შედეგს თუ მიაღწია ვინმემ, აქ არის თურქეთის პრეზიდენტის ფაქტორი.
ერდოღანმა არსებული პრობლემა, ან შეარბილა, ან გადაწყვიტა. ამასთან, დასავლეთის ინტერესშიცაა, რომ პუტინთან ვიღაცას ჰქონდეს ასეთი ურთიერთობა. ომის ზღვარზეა მსოფლიო და ვინმეს თუ შეუძლია სიტყვა უთხრას პუტინს, ეს ერდოღანია და ის ამით სარგებლობს. ხომ ნახეთ, ერდოღანი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაერთიანების წინააღმდეგ წავიდა. თურქეთს ჰქონდა თავისი მოთხოვნები და დასავლეთმა ეს მოთხოვნები დაუკმაყოფილა. ჯერჯერობით, ფინეთთან და შვედეთთან მიმართებით გადაწყვეტილება არაა მიღებული. ამ საკითხის რატიფიცირება უნდა მოხდეს. ანუ თურქეთი ვაჭრობს, ერდოღანი პოლიტიკოსია. იმასაც ეთამაშება და ამასაც... თურქეთს სარგებლის მიღება უნდა შექმნილი ვითარებიდან და მისი სარგებელი უზარმაზარია.
ET: რა სარგებელს ელის თურქეთი რუსეთთან ურთიერთობაში და რა არის ამ ვითარებაში მისი მთავარი ბონუსი?
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრები, აზიის ქვეყნები, რომებიც ვაჭრობენ ევროპასთან და ევროპა, რომელიც თავისთავად ვაჭრობს აზიასთან, ამ ტვირთნაკადმა უნდა გაიაროს თურქეთზე. ეს ქვეყანა დიდი ხანია, ემზადებოდა ამისთვის. თურქეთი ქმნიდა ლოგისტიკურ ცენტრებს, ავითარებდა სატრანსპორტო სისტემას. (სამგზავრო მიმოსვლა იქნება ეს თუ სატვირთო გადაზიდვები).
სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტი მსოფლიოში უდიდესია. 12 ლოგისტიკური ცენტრი შენდება და ექსპლუატაციაში 2023 წლისთვის უნდა შევიდეს. თურქეთი ემზადებოდა და ემზადება იმისთვის, ეს საკითხები უზრუნველყოს და ევროპასა და აზიას შორის ლოგისტიკური ჰაბი გახდეს. მან უნდა შეასრულოს შუამავლის ფუნქცია და როლი. ამას ხედავს დასავლეთი.
მე არ ვიცი როგორ დამთავრდება ერდოღანსა და პუტინს შორის ურთიერთობა, მაგრამ ფაქტია, მოცემულ მომენტში, „მარცვლეულის დერეფანი“ რომ გაიხსნა უკრაინის პორტებიდან, ერდოღანის დამსახურებაა. მან შეძლო უკრაინისა და რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა და მიაღწია ამ შეთანხმებას. დასავლეთი ამას ხომ ვერ უგულებელყოფს. არის სანქციების საფრთხე, მაგრამ არის კიდევ სარგებელი, რაც პუტინისა და ერდოღანის ურთიერთობებიდან მოდის.
ET: კიდევ ერთი საკითხი - თურქეთი და საქართველო. ეს ქვეყანა საქართველოს მთავარი სავაჭრო და სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს ქვეყანასთან ყველაზე მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებში თანამშრომლობს. თურქეთის ახლო კავშირების შედეგად რუსეთთან, საქართველოსთან მიმართებით, გარკვეული საფრთხეები ხომ არ იკვეთება?
ჩვენ ხომ არ ვაქტიურობთ. დააკვირდით საქართველოს ქცევას. ჩვენ არ ვაქტიურობთ არცერთ ფრონტზე. ჩვენი ინტერესი რომელიმე საკითხზე ნათლად და მკაფიოდ გამოხატული ბოლოს როდის ნახეთ? ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე არ დაუსვამს არცერთი მწვავე საკითხი.
ET: „საქართველოს რომ არავინ არაფერს ეკითხება“, ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?
მაგალითად 2019 წელს, ანკარაში ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთის, რუსეთის და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელები და ერთმანეთთან გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი, ტარიფების დაწესების, ტვირთების მოზიდვისა და „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების განვითარების შესახებ.
ამ ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს გარეშე ხვდებიან და იხილავენ საკითხს, რომელიც ეხება უშუალოდ ჩვენს ტერიტორიაზე გამავალ სარკინიგზო ტვირთებს. ეს იყო ოფიციალური ვითარება, თორემ არაოფიციალური კავშირები და კომუნიკაცია ქართულ მხარესთან ამ საკითხზე პასუხისმგებელ პირებთან აუცილებლად შედგებოდა. საგულისხმოა, რომ „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზით გადაიზიდებოდა აბრამოვიჩის მეტალურგიული კომბინატის ტვირთები, თურქეთის მიმართულებით.
ინფორმაციას ავრცელებდა თურქული მხარე. აზერბაიჯანული მხარე, ხანდახან, ოფიციალურად აქვეყნებდა ინფორმაციას აბრამოვიჩის კომბინატის მიერ გამოშვებული პროდუქციის გადაზიდვის შესახებ. შესაძლოა, ეს ტვირთები ახლაც „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზით გადაიზიდება. ვიღაცები შეთანხმდნენ და ჩვენი ქვეყნის გავლით გადააქვთ ტვირთები. საფრთხეა, როცა არ გვეკითხებიან და ისე წყვეტენ საკითხებს, საქართველოს გავლით რა გადაიტანონ.