საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, თბილისში იმსჯელებენ

23 აგვისტოს თბილისში, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტრანპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

„საუბარია შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხზე. მინისტრები სწორედ ამ თემაზე იმსჯელებენ, რომ მოვიზიდოთ ახალი ტვირთები, მათ შორის ნავთობი და ნავთობპროდუქტები და დიდხანს მოვახერხოთ ჩვენს დერეფანში ამ ტვირთების დამაგრება საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ვფიქრობ, რომ ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, მაგრამ ეს ერთ დღეში ვერ მოხერხდება“, - განაცხადა დავითაშვილმა. 

მისი თქმით, გადაწყვეტილებების მიღებაში, ძალიან ბევრი კერძო კომპანიაა ჩართული. „მესაკუთრეები არიან საერთაშორისო კონსორციუმები, ნავთობკომპანიები შუა აზიაში, რომელთა გადაწყვეტილებებიც მნიშვნელოვანია. მუშა პროცესი მიმდინარეობს და შესაძლებლობები არის საკმაოდ დიდი, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ სინქრონში იმიშავებენ დერეფნის მონაწილე ქვეყნები და როგორ იქნება გამართული ერთი მხრივ ინფრასტრუქტურა და მეორე მხრივ მომსახურება. ზუსტად ამაზე გვექნება ხვალაც საუბარი“, - აღნიშნა დავითაშვილმა. 

ლევან დავითაშვილის განცადებით, ტვირთნაკადის უფრი მეტად ზრდა 2023 წლიდანაა მოსალოდნელი.