პენტაგონი უკრაინისთვის კამიკაძე-დრონების მიწოდების მიზნით, კონტრაქტს ამზადებს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ათი Switchblade 600 კამიკაძე თვითმფრინავის წარმოების შესახებ ხელშეკრულების დადებას სექტემბრისთვის გეგმავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
აშშ-მ Switchblade ტაქტიკური უპილოტო საჰაერო სისტემების გადაცემა ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე დაამტკიცა, მაგრამ საუბარი იყო Switchblade 300 თვითმფრინავზე, რომელიც მცირე სამიზნეების განადგურებისთვის იყო განკუთვნილი.
მწარმოებლის თქმით, 300 ვარიანტი იწონის 2,5 კგ-ს, შეუძლია 10 კილომეტრზე ფრენა, ხოლო (54,4 კგ) 600 ვერსიას შეუძლია 40 კილომეტრზე - ჰაერში 40 წუთის განმავლობაში ფრენა.
„მათ ერთი და იგივე სახელი აქვთ, მაგრამ ისინი ძალიან განსხვავებული სისტემებია, ძალიან განსხვავებული სამიზნე კომპლექტით. ისინი წარმოუდგენლად დაეხმარებიან უკრაინულ ძალებს ახლა და მომდევნო კვირებში“, - თქვა სამხედრო ცენტრის უფროსმა დირექტორმა, ბრედლი ბოუმანმა.
Switchblade 300-ისა და Switchblade 600-ის მოძრავი საბრძოლო მოწყობილობები ცნობილია, როგორც კამიკაძე-დრონები. ისინი შექმნილია როგორც ჯავშანტექნიკის, ასევე, ქვეითი დანაყოფის გასანადგურებლად. ამერიკული მედია აპრილში წერდა, რომ ამ მაღალტექნოლოგიური სამხედრო მოწყობილობის გადაცემის გადაწყვეტილებას ამერიკის მაღალ ეშელონებში ბოლო მომენტამდე განიხილავდნენ.
უპილოტო საფრენ აპარატ Switchblade-ს აწარმოებს კომპანია AeroVironment, რომელიც ვაშინგტონის გარეუბანში მდებარეობს. მისი დამკვეთია აშშ-ის საჰაერო ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა. კომპანია უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და ნატოს ყველა ქვეყანას. უკრაინასა და ჩვენს აღმოსავლეთევროპელ მოკავშირეებს ახლა სჭირდებათ ჩვენი ტექნოლოგია, რათა რუსული არმია დაამარცხონ და მომავალი აგრესია თავიდან აიცილონ“, - ნათქვამი იყო კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.