ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას. მიშელის თქმით, რუსეთის აგრესია არ დაწყებულა 24 თებერვალს, არამედ, ის დაიწყო 2014, წელს ყირიმის უკანონო ანექსიით.
შარლ მიშელმა დაგმო რუსეთის მიერ ზაპოროჟიის ატომური სადგურის მრავალჯერადი დაბომბვა და დაამატა, რომ მოსკოვის ნაბიჯების ატომური კატასტროფის რისკებს აჩენს.
„თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთი იყენებს ყირიმს სტრატეგიულ წერტილად უკრაინაზე თავდასხმებისთვის. ის ასევე იყენებს ყირიმს უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციისთვის სამარცხვინო ფილტრაციის ბანაკების მიმართულებით, სადაც წამების შემთხვევების შესახებ არსებობს ინფორმაცია. ყირიმი ასევე გახდა უკრაინის მიწებიდან მოპარული საქონლის სატრანსპორტო ჰაბი. რუსეთის ყირიმში ყოფნამ გამოიწვია უკრაინის პორტების ბლოკადა, რომელმაც მძიმე შედეგები მოუტანა უკრაინის ეკონომიკას და მსოფლიოს მასშტაბით საკვების უსაფრთხოების კრიზისი გამოიწვია.
პირდაპირები ვიყოთ, კრემლის მხრიდან ეს ცინიკური ნაბიჯია, იარაღად გამოიყენოს შიმშილი და უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტოს. ამიტომ, მივესალმებით სტამბოლში ახლახან ხელმოწერილ შეთანხმებას და უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან პირველი გემების დაძვრას“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.