თურქმენეთი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების წარმატებულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირში (IRU) განუცხადეს.
„თურქმენეთის მთავრობის მხარდაჭერა არსებითი იქნება საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების, კერძოდ, „ლაპის ლაზულის“ დერეფნის წარმატებული განვითარებისთვის, რათა შედგეს რეგიონული კავშირი, რაც რეგიონში კეთილდღეობასა და საბოლოოდ მშვიდობას მოიტანს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ამასთან, საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირში აცახდებენ, რომ ამ მარშრუტების გასწვრივ ყველა ქვეყანამ, ტრანსსასაზღვრო საკითხებში კოორდინაცია, გლობალურ და რეგიონულ დონეზე უნდა დაიწყოს.
- დერეფანი „ლაპის ლაზული“ შეიქმნა სატრანზიტო და სავაჭრო თანამშრომლობისათვის ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის, რომლის მიზანია გადაზიდვების და ვაჭრობის სფეროში არსებული დაბრკოლებების შემცირება და რეგიონში საბაჟო პროცედურების ინტეგრაციის განვითარება.
- დერეფანი „ლაპის ლაზული“ იწყება ავღანეთის ფარიაბის პროვინციაში, თურქმენეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან აქინა (Aqina) და ჰერათის პროვინციაში, თურქმენეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან თურქუნდი (Turqundi) და გრძელდება თურქმენეთის კასპიის ზღვის პორტამდე თურქმენბაში, შემდეგ კასპიის ზღვის გავლით შედის ბაქოში და საქართველოს დედაქალაქს უკავშირდება, შემდეგ კი ფოთისა და ბათუმის პორტებს. მარშრუტი გაივლის აგრეთვე თურქეთის ქალაქებს ყარსსა და სტამბოლს, ბოლოს კი ევროპას უკავშირდება.
„ამავდროულად, ეს ქვეყნები სწრაფად უნდა გადავიდნენ სატრანსპორტო დოკუმენტებისა და პროცედურების გაციფრულებაზე. ასევე გამოიყენონ საუკეთესო პრაქტიკა და გლობალური სტანდარტები სასაზღვრის გადაკვეთისას სხვა პრობლემების გადასაჭრელად. „ლაპის ლაზულის“ დერეფნის განვითარება, რეგიონში თურქმენეთის, როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას გააძლიერებს “, - განაცხადეს IRU-ში.
გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თურქმენეთი და IRU ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ნაყოფიერად თანამშრომლობენ. თურქმენეთი საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის კონვენციას (TIR) 1996 წელს შეუერთდა.