დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა

24 აგვისტოს, უკრაინა საბჭოთა მმართველობისგან დამოუკიდებლობის 31 წლის იუბილეს აღნიშნავს. 

უკრაინის პრეზიდენტმა, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ზელენსკი უკრაინის მხარდამჭერებთან მიმართებით მადლიერებას გამოხატავს. 

„მადლობა ყველას, ვინც იცავს ნამდვილ ღირებულებებს. მადლობა ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას. მადლობა ყველას ვინც, 24 თებერვლიდან მოყოლებული, აირჩია ბრძოლის გზა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ, რისთვისაც ღირს ცხოვრება. ძალიან მალე, უკვე ხვალ, ჩვენ ვიზეიმებთ ჩვენთვის უმთავრესს - დამოუკიდებლობის დღეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

მისი თქმით, 24 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბევრი აქტივობაა დაგეგმილი. 

„ბევრი აქტივობა დავგეგმეთ - ისეთი, რაც ხაზს გაუსვამს ჩვენ მიერ ერთად განვლილ გზას უკრაინაში, თავისუფალ და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

უკრაინელები ყველგან იბრძვიან, მათ შორის საზღვარგარეთ - ყველა იბრძვის, ვინც უკრაინის შესახებ სიმართლეს ავრცელებს; ყველა, ვინც მოუწოდებს, იბრძოლონ უკრაინისთვის. არცერთი დამპყრობელი არ იგრძნობს თავს დაცულად დედამიწაზე, ყველა კოლაბორატორმა იცის, რომ მათ მომავალი არ აქვთ. ჩვენ არამხოლოდ გვჯერა, არამედ მოწმენი ვართ, რომ ჩვენს სახელმწიფოს პერსპექტივა აქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინამ სახელმწიფო დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.