ყირიმის პლატფორმის მონაწილეებმა ერთობლივი განცხადებით მოუწოდეს რუსეთს, სასწრაფოდ და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან. ამის შესახებ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეორე სამიტის მონაწილეების მიერ შემუშავებულ ერთობლივ განცხადებაში წერია. „ყირიმის პლატფორმის“ მონაწილეები მზად არიან, გააგრძელონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების დახმარება.
ყირიმის პლატფორმის მონაწილეები უკრაინის სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულ მხარდამჭერად რჩებიან.
„მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან თავისი ძალებისა და სამხედრო ტექნიკის დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვწუხვართ, რომ ამ ფონზე სიტუაცია დროებით ოკუპირებულ ყირიმში კიდევ უფრო გაუარესდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, შევინარჩუნოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის დროებითი ოკუპაცია, რათა აღდგეს უკრაინის კონტროლი მის ტერიტორიაზე. ჩვენ ვგმობთ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ შეჭრას და მის ომს, განსაკუთრებით კი მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულისა და უკრაინის ტერიტორიული წყლების გამოყენებას“.
ყირიმის პლატფორმის მონაწილეები მკაცრად გმობენ რუსეთის მიერ სამხედრო ავიაციისა და ხომალდების ფართო გამოყენებას სარაკეტო დარტყმებისა და თავდასხმებისთვის, რაც აზიანებს მშვიდობიან მოსახლეობას და უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ომის დანაშაულის ჩამდენი ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
„მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს თავისი ძალებისა და სამხედრო ტექნიკის დაუყოვნებლივი და უპირობო გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან.
რუსეთის ფედერაციის მიერ ნახევარკუნძულის მზარდი მილიტარიზაცია უარყოფით გავლენას ახდენს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებაზე. მტკიცედ ვდგავართ უკრაინის ხალხის გვერდით, რადგან ისინი მამაცურად უპირისპირდებიან რუსეთის სამხედრო აგრესიას და გამოვთქვამთ სოლიდარობას ყირიმსა და უკრაინის სხვა ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დიდი პირადი რისკის ფასად იმაღლებენ ხმას რუსეთის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქი სევასტოპოლის დროებითი ოკუპაციის და რუსეთის სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ“, - წერია განცხადებაში.
,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.