აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას თითქმის $3 მილიარდიან უსაფრთხოების დახმარებას (2,5 მილიარდი ფუნტი) უგზავნის. ტრანშის გამოყოფას ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა.
ბაიდენის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის ამერიკული უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდი ტრანში, რომელიც დღემდე გაგზავნილა კიევში.
ის აღნიშნავს, რომ ეს თანხა უკრაინას საშუალებას მისცემს, შეიძინოს საჰაერო თავდაცვის და საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალები, ასევე, რადარები და სხვა ტექნიკა.
რუსეთის შეჭრის ექვსი თვის თავზე ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინელებმა „მსოფლიო თავიანთი არაჩვეულებრივი გამბედაობითა და თავისუფლებისადმი თავდადებით შთააგონეს“.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. გაძლიერებული საფრთხის გამო თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაშის სიგნალია ჩართული.