სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 50 დაიჭრა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ცენტრალურ უკრაინაში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
სარაკეტო თავდასხმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია უკრაინის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზელენსკიმ 24 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი თავს დაესხა რკინიგზის სადგურს დნიპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ჩაპლინში, რის შედეგადაც სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა.
ზელენსკის თქმით, თავდასხმის შედეგად მატარებლის ოთხ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. მისი თქმით, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, უკრაინის თითქმის მთელ ტეტორიაზე მომატებული საფრთხის გამო, განგაშის სიგნალები ჩაირთო. უკრაინის ხელისუფლება რამდენიმე დღით ადრე საუბრობდა დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთისგან მოსალოდნელ გაზრდილ საფრთხეებზე.